Публичная оферта W1 GEL

Публичная оферта W1 GEL

გთხოვთ გაეცნოთ, «W1 ლარი-ს» გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში ,,ხელშეკრულება“), რომელიც წარმოადგენს სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული სავალდებულო წესებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების ერთობლიობას, რომელსაც მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება Wallet One-ში ელექტრონული საფულის რეგისტრაციის დროს.

საყურადღებო ინფორმაცია: სხვადასხვა ვალუტის გამოყენებისათვის Wallet One-ის სისტემაში მოქმედებს შერჩეული ვალუტის შესაბამისი წესები და პირობები, როგორიცაა „W1 ლარი“ გამოყენების წესები და პირობები, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ოპერაციების ჩასატარებლად.

სხვადასხვა ვალუტაში ლიმიტების გაზრდის ან იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გასავლელად მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი ვალუტის წესების და პირობების მიხედვით, რომლებიც მოცემულია Wallet One-ის ვებ გვერდზე.

1. ტერმინთა განმარტება

1.1 ელექტრონული საფულე Wallet One — პირის უნიკალური ვირტუალური ანგარიში, რომელის შედგება ტიტულური ნიშნებისგან და ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია პირის იდენტიფიცირებასთან. საფულეში განთავსებულია ელექტრონული ფული, რომელიც იმართება მომხმარებლის მიერ, სისიტემის ოპერატორის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. საფულის წვდომის რეკვიზიტები მოიცავენ სიმბოლურ პრეფიქსს, ასევე ავტორიზაციისთვის საჭირო რეკვიზიტებს, რომელიც ცნობილია მხოლოდ საფულის მფლობელისთვის და შეიცავს შემდეგ მონაცემებს: მომხმარებლის მიმდინარე ნაშთს, გადახდების ისტორიას და სხვა ინფორმაციას, რომელიც განახორციელა მომხმარებელმა საფულიდან.

1.2 ელექტრონული ფული — ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ მომხმარებლისგან გადახდის ოპერაციების განხორციელების მიზნით ფულადი სახსრების ექვივალენტური ღირებულება, რომელიც შენახულია საგადახდო ინსტრუმენტებზე და რომელიც აღიარებულია გადახდის საშუალებად მისი გამომშვების, მომხმარებლისა და სისტემის მონაწილეების მიერ. ელექტრონულ ფულსა და მის სანაცვლოდ მიღებულ ფულად სახსრებს შორის ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ მისი საქმიანობის ყველა ეტაპზე დაწესებულია შემდეგი თანაფარდობა: 1 ლარი = 1 ელექტრონული ლარი.

1.3 ელექტრონული ფულადი სახსრები — ფულადი სახსრები, რომელიც მომხმარებელმა მიაწოდა სისტემის ოპერატორს წინასწარ თანხის მოცულობის მითითებით, საბანკო ანგარიშის გახსნის გარეშე, მომხმარებლის ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებზეც მომხმარებელს აქვს უფლება გასცეს განკარგულებები მხოლოდ ელექტრონული ფულის მეშვეობით.

1.4 ელექტრონული ხელმოწერა — მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების ერთობლიობა, საფულის ნომრის და პაროლის სახით, რომელიც მხარეებს შორის არის ცალსახად და უდაოდ განსაზღვრული, როგორც აუცილებელი და საკმარისი სხვადასხვა ოპერაციის ჩასატარებლად, განკარგულებების გასაცემად, შეტყობინებებისა და მოთხოვნების გასაგზავნად მომხმარებლის სახელით.

1.5 სისტემა — ავტომატური პროგრამულ-აპარატული კომპლექსისა და სისტემის სერვისების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დამოუკიდებლად მართვადი სისტემის, მომხმარებლების პროგრამული მოდულების, ურთიერთთანამშრომლობის, სტანდარტული პროცედურებისა და საერთო წესების ერთობლიობა, რომელიც წარმოიშობა ზემოთ დასახელებულ სუბიექტებს შორის ელექტრონული ფულით გადახდის ოპერაციების წარმოების დროს ან/და ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ ელექტრონული ფულის ემისიისას.

1.6 სისტემის ოპერატორი (შემდგომში ,,ოპერატორი“) — იურიდიული პირი (შ.პ.ს. ,,მანი მუვერს“-ი; ს/კ 200274318 ), რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელის მიერაც შემუშავებულია სისტემის წესები. იგი ზედამხედველობს და პასუხისმგებელია სისტემის ოპერირებაზე.

1.7 სისტემის წესები — სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ფუნქციონირებს სისტემა.

1.8 სისტემის მონაწილე — იურიდიული პირი, რომელსაც უშუალოდ შეუძლია ტრანსფერ ორდერის გაცემა ან/და მიღება, და რომელიც მიჩნეულია სისტემის მონაწილედ სისტემის წესების შესაბამისად. სისტემის მონაწილე სისტემის ოპერატორის წესების შესაბამისად არის აგენტი, მერჩანტი, კომერციული ბანკი, საგადახდო სისტემა, და ა.შ.

1.9 ელექტრონული ფულის პროვაიდერი — იურიდიული პირი, შ.პ.ს. ,,მანი მუვერს“-ი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს ელექტრონულ ფულს - ქართულ ლარს, Wallet One-ის სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

1.10 ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი — მოწყობილობა (მექანიზმი), საგადახდო ინსტრუმენტი, პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც შემუშავებულია კომპანია ,,O2”-ის მიერ, და განთავსებულია ელექტრონულ მისამართზე: http://www.walletone.com, აღნიშნული ინსტრუმენტი იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას. ელექტრონული ფულის ინსტრუმენტი შეიძლება იყოს გმპ, კომპიუტერი, მობილური ტელეფონო ან/და სხვა ტექნიკური მოწყობილობა.

1.11 აგენტი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახელითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში.

1.12 მხარე — სისტემის ოპერატორი, მომხმარებელი, მერჩანტი, ელექტრონული ფულის პროვაიდერი, აგენტი.

1.13 არასანქცირებული ოპერაციები — ყველა ოპერაცია, რომლის განხორციელებაც არ არის დაშვებული სისტემის წესებისა და პირობების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ოპერაციები/ტრანზაქციები, რომელთა შესრულება შესაძლებელია გამოწვეული იყოს სისტემის ტექნიკური ხარვეზით.

1.14 საგადახდო დავალება — გადამხდელის ან მიმღების მიერ პროვაიდერისთვის მიცემული დავალება, გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე.

1.15 ტრანსფერორდერი — სისტემის ერთი მონაწილის მიერ სისტემის მეორე მონაწილის მიმართ გაცემული დავალება მიმღებისთვის ფულადი სახსრების ჩარიცხვის თაობაზე, ან დავალება, რომლის შედეგადაც ხდება მონაწილის მიერ გადახდის ვალდებულების საკუთარ თავზე აღება ან გადახდის ვალდებულების შესრულება სისტემის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

1.16 მომხმარებელი — ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ წესებსა და პირობებს.

1.17 მერჩანტი — იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლის სასარგებლოდაც მისგან მომსახურების/საქონლის მიღების მიზნით, ხორციელდება საგადახდო დავალების შესრულება, ელექტრონული მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის მეშვეობით.

1.18 გადახდის ოპერაცია — გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიცირებული ელექტრონული ფულის განთავსების/ჩარიცხვის, გადარიცხვის, კონვერტაციის ან გატანა/განაღდების ოპერაცია. ასევე, მომსახურება და/ან პროდუქციის მიღება ელექტრონული ფულის სანაცვლოდ.

1.19 რეგისტრაცია — მომხმარებლის ქმედებები საიდენტიფიკაციო მონაცემების წარმოსადგენად, რაც იძლევა საშუალებას დადასტურდეს/დამტკიცდეს ფაქტი, ამ მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებაზე და საფულის გამოყენებაზე. პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უნდა გაიაროს საგადახდო სისტემის მომხმარებელმა საკუთარი ელექტრონული საფულის შესაქმნელად.

1.20 ავტორიზაცია — მომხმარებლის მიერ წარდგენილი საიდენტიფიკაციო მონაცემების ანალიზის პროცესი, რომლის შედეგადაც დგინდება მომხმარებლის უფლებები მომსახურების მიღებაზე. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ელექტრონულ საფულეში შესასვლელად საჭირო პროცედურის გავლა, რის შემდეგაც შესაძლებელია ნებისმიერი გადახდის ოპერაციის განხორციელება.

1.21 მომხმარებლის პროფილი — სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლებისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლის მიერ საფულის მართვისთვის და ხელმისაწვდომია მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გაივლის რეგისტრაციასა და ავტორიზაციას, რისთვისაც ის იყენებს ელექტრონულ ხელმოწერას.

1.22 იდენტიფიკაცია — მომხმარებლის ვინაობის დასადგენად ელ.ფულის პროვაიდერის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. მომხმარებლის იდენტიფიკაციისას, ფიზიკური პირი აცხადებს თანხმობას, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები გადამოწმდეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

2. საგადახდო მომსახურება

2.1 სისტემის ოპერატორი არ არის ვალდებული დაარეგულიროს ან/და გააკონტროლოს მომხმარებელსა და მერჩანტს შორის გარიგების ნამდვილობა, მისი პირობები და შედეგები, გარიგების გაუქმებასთან და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, სისტემის ოპერატორი არ არის ვალდებული, განიხილოს მხარეთა პრეტენზიები, მხარეების მიერ გარიგების არასრულ ან არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით. საგადახდო დავალების გაუქმების შემთხვევაში, ელექტრონული საფულე Wallet One-ის მეშვეობით განხორციელებული საგადახდო დავალებით გადახდილი თანახა, მომხარებელს დაუბრუნდება საკომისიოს გარეშე საკუთარ საფულეზე.

2.2 თანხების გადახდა მომხმარებლებს შორის ხორციელდება სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.

3. მომსახურების საკომისიო

3.1 Wallet One -ის ელექტრონული საფულით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასოა.

3.2 მომხმარებლის ელექტრონულ საფულეში განთავსებულ თანხას პროცენტი არ ერიცხება. მომხმარებელი აღიარებს, რომ სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისგან მიღებული თანხის ნაშთს პროცენტი არ ერიცხება.

3.3 საგადახდო მომსახურებით სარგებლობისას მოქმედებს სისტემის ოპერატორის იერ დადგენილი ტარიფები. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მომსახურებაზე საკომისიო წინასწარ არ არის მითითებული, მომსახურების გადახდის მომენტში შესაძლებელია მისი ნახვა.

3.4 ელექტრონული ფულის ერთი ვალუტის გადაცვლისას მეორეზე, მომხმარებელი არ იხდის დამატებით საკომისიოს სისტემის ოპერატორის სასარგებლოდ. ვალუტის გადაცვლის მომენტში მომხმარებლისთვის ცნობილია, თანხის ოდენობა, რასაც მიიღებს კონკრეტულ ვალუტაში მითითებული თანხის სანაცვლოდ.

3.5 მომხმარებლებს შორის ეროვნულ ვალუტაში (ლარი) თანხების გადარიცხვის საკომისიო შეადგენს 0,50% (ნული და 50), მინიმუმ 0,01 (ნული და 01) ლარს, მაქსიმუმ 50.00 (ორმოცდაათი და 00) ლარს. მომხმარებლებს შორის სხვა ვალუტაში გადარიცხვის საკომისიო მოცემულია გადარიცხვის მომენტში.

3.6 გადარიცხვა მხარეებს შორის ხორციელდება ლიმიტების ფარგლებში, რომელიც მოცემულია კონკრეტული მომენტისთვის.

4. კონფიდენციალობა და უსაფრთხოება

4.1 მხარეები ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ინფორმაციისა და დოკუმენტების უსაფრთხოდ დაცვისა და შენახვისათვის, რომელთა გაცვლაც ხდება მხარეების შორის ელექტრონული საფულით სარგებლობისას ან რომლებიც ხელმისაწვდომია საფულის გამოყენების დროს.

4.2 სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა მიმართებაში, ასევე მომხმარებლის სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე. გამონაკლისია საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევები.

4.3 მხარეები ვალდებული არიან სისტემის ოპერატორის მეშვეობით არ განახორციელონ უკანონო ფინანსური ოპერაციები/ქმედებები, უკანონო ვაჭრობა, შემოსავლების ლეგალიზაციის ოპერაციები, რომლებიც მიღებულია უკანონო გზით ან ტერორიზმის დაფინანსებით, ასევე ნებისმიერი სხვა ოპერაცია, რომელიც ჩაითვლება კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით.

5. მომხმარებლის რეგისტრაცია

5.1 იმისთვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს Wallet One-ის ელექტრონული საფულით, იგი უნდა დაეთანხმოს წინამდებარე სტანდარტული ხელშეკრულების წესებსა და პირობებს, შემდეგი ქმედებების შესრულებით:

5.1.1 რეგისტრაციის დროს მომხმარებელმა უნდა მონიშნოს (ელექტრონულად მოაწეროს ხელი) შესაბამისი გრაფა, რაც გულისხმობს, რომ იგი გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და ეთანხმება მათ. მომხმარებელმა უნდა შეავსოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები: საფულის ნომერი, ტელეფონის ნომერი ან ელ-ფოსტა, რაც სისტემის ოპერატორს აძლევს საშუალებას, მომხმარებლის ელ. საფულე, ჩათვალოს დარეგისტრირებულად, ხოლო ხელშეკრულება გაფორმებულად.

5.2 ზემოთ აღნიშნული მოქმედებების შესრულების შემდეგ, მომხმარებელი ელექტრონულ ფოსტაში ან მობილურ ტელეფონზე მიიღებს შეტყობინებას (საიდენტიფიკაციო მონაცემებს) საფულის ნომრისა და პაროლის სახით, რომლებიც აუცილებელია პირად პროფილზე წვდომისათვის.

5.3 ხელშეკრულება მხარეებს შორის ითვლება გაფორმებულად მას შემდეგ, რაც მომხმარებელი წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ ყველა მოქმედებას შეასრულებს და ელ. საფულეში რეგისტრაციის შესახებ მიიღებს შეტყობინებას.

5.4 მომხმარებელი აცხადებს, რომ იგი წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არ არის პოლიტიკურად აქტიური პირი ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. იმ შემთხვევაში, თუ პირი პოლიტიკურად აქტიურია ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში იმყოფება, ან გახდება ასეთი საფულით სარგებლობის პერიოდში (საფულის საბოლოოდ გაუქმებამდე), ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს დაუყოვნებლივ სისტემის ოპერატორს საკონტაქტო ინფორმაციაში მოცემულ ელექტრონულ ან იურიდიულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

6 იდენტიფიკაცია

6.1 იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს ელექტრონული საფულე Wallet One -ის სრული მომსახურებით, არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვები და მცირე ლიმიტები საფულით სარგებლობისას, მან უნდა გაიაროს სრული იდენტიფიკაცია, შესაბამისი წესებისა და პირობების დაცვით.

6.2 ელ. ფულის პროვაიდერი უფლებამოსილია, მომხმარებლის მიერ მისთვის წარმოდგენილი პირადი მონაცემები გადაამოწმოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, რაზეც მომხმარებელი აცხადებს უპირობო თანხმობას.

7. მომხმარებლის უფლებები

7.1 მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს მხოლოდ იმ მომსახურებით, რომელიც შეესაბამება იდენტიფიკაციის მის მიერ არჩეულ მეთოდს. ელექტრონული საფულის მომსახურების სრული აღწერა მოცემულია Wallet One-ის ვებ-გვერდზე.

7.2 ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს უფლება აქვს დაარეგისტრიროს სისტემაში მხოლოდ ერთი ელექტრონული საფულე, სისტემის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

7.3 საკუთარი ელექტრონული საფულიდან განახორციელოს გადახდები, გადარიცხვები, თანხის შეტანა/გამოტანა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საგადახდო ოპერაცია.

7.4 მომხმარებელს შეუძლია, განახორციელოს გადახდის ოპერაციები მხოლოდ მის ელექტრონულ საფულეზე არსებული თანხის ფარგლებში.

7.5 უფლება აქვს ისარგებლოს Wallet One-ის ყველა სერვისითა და მომსახურებით, ოპერატორის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

7.6 მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს საკუთარი ელექტრონული საფულის ავტორიზაციისთვის საჭირო რეკვიზიტები.

7.7 უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია საკუთარ საფულეზე, ასევე იმ ოპერაციების თაობაზე, რომლებიც განხორციელდა მისი საფულიდან.

7.8 უფლება აქვს მიმართოს საჩივრით სისტემის ოპერატორს.

7.9 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დაავიწყდა თავისი ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი და პაროლი, უფლება აქვს მიმართოს სისტემის ოპერატორს.

7.10 მომხმარებელს უფლება აქვს, განახორცილოს საკუთარი ელექტრონული საფულიდან ნებისმიერი ტრანზაქცია, გარდა კანონმდებლობით აკრძალული პროდუქციის შეძენის ან გაყიდვისა.

7.11 მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გაანაღდოს მთლიანი თანხა ან მისი ნაწილი საკუთარი ელექტრონული საფულიდან. ამის გასაკეთებლად შეუძლია მიმართოს/გამოიყენოს სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ერთ-ერთი მეთოდი. 7.12. მომხმარებლებს, რომლებსაც გავლილი აქვთ მარტივი იდენტიფიკაცია, უფლება აქვთ, შეასრულონ ერთჯერადი გადახდის ოპერაცია არაუმეტეს 1 500 ლარისა, ხოლო სრული (სკაიპით ან ოფისში ვიზიტით) იდენტიფიკაციის შემთხევაში მომხმარებელს უფლება აქვს შეასრულოს საგადახდო ოპერაციები შესაბამისი ლიმიტების ფარგლებში, რომელთა ნახვაც მას შეუძლია პირად პროფილში, ,,იდენტიფიკაცია და ლიმიტები“ განყოფილებაში.

7.13 მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი ელექტრონული საფულე, ოპერატორთან შეთანხმების გარეშე. რის შემდეგაც, იგი ვეღარ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას საკუთარი საფულიდან.

7.14 ელექტრონული საფულის გაუქმებისას, საფულეზე ნაშთის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს სისტემის ოპერატორს მისი განაღდება. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს ელექტრონული ფულის ექვივალენტური თანხა ვალუტაში, იმ აქტიურ საბანკო ანგარიშზე, რომელსაც მიუთითებს მომხმარებელი.

7.15 მომხმარებელს უფლება აქვს გამოითხოვოს საგადახდო დავალება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8. მომხმარებლის ვალდებულებები

8.1 სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს მას მოთხოვნილი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეასრულებს მოთხოვნას, ოპერატორი უფლებამოსილია, შეუჩეროს მას მომსახურება აღნიშნული მოთხოვნის შესრულებამდე.

8.2 მომხმარებელი პასუხისმგებელია, ელექტრონული საფულის რეგისტრაციისას მითითებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე. იგი ვალდებულია, პირადი მონაცემების ცვლილებისას, განაახლოს ელექტრონულ საფულეში მითითებული რეკვიზიტები.

8.3 ვალდებულია, შეინახოს საკუთარი ელექტრონული საფულის ავტორიზაციისთვის საჭირო რეკვიზიტები (პაროლი, მომხმარებლის სახელი) და არ გაანდოს/გადასცეს მესამე პირებს.

8.4 იმ შემთხვევაში, თუ გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი ელექტრონული საფულის რეკვიზიტები სხვა, მესამე პირისთვის გახდა ცნობილი, ვალდებულია, სასწრაფოდ შეცვალოს ისინი და შეატყობინოს სისტემის ოპერატორს ამის შესახებ.

8.5 მომხმარებელს არა აქვს უფლება ისარგებლოს სხვა პირის ელექტრონული საფულით.

8.6 მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას ელექტრონული საფულით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ოპერატორის მიერ გადაცემულ სპეციალურ კოდებს და ა.შ.

9. არასანქცირებული ოპერაციები

9.1 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის საფულეზე ჩაირიცხა თანხა ან თანხები, რომლებიც მას არ ეკუთვნოდა, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ სიტემის ოპერატორს და აღნიშნული თანხა დაუბრუნოს თანხის გამომგზავნს, იმ საკომისიოს გამოკლებით, რომელიც აიღება თანხის დაბრუნების დროს. თუ მომხმარებელმა გამოიყენა არასწორად ჩარიცხული თანხა, იგი ვალდებულია, აანაზღაუროს ის და დაუბრუნოს თანხის გამომგზავნს იმ საკომისიოს გამოკლებით, რომელიც აიღება თანხის დაბრუნების დროს.

9.2 არასანქცირებული ოპერაციების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, უაქცეპტო წესით ჩამოჭრას თანხები მომხმარებლის საფულის ბალანსიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო არასწორად ჩარიცხული თანხის გამოყენების შემთხვევაშის სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მომხმარებლის საფულე გაუშვას ოვერდრაფტზე, დაბლოკოს საფულე ან გააუქმოს ის.

9.3 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა თანხა გადაურიცხა მომხმარებელს, რომელსაც არ იცნობს, ან გადაიხადა გადასახადი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და მიმართა სისტემის ოპერატორს თანხის დასაბრუნებლად ან მიმღების რეკვიზიტების შესაცვლელად, სისტემის ოპერატორი მიიღებს ყველა შესაძლო ზომას (რომელიც გათვალისწინებულია სისტემის წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით), რათა თანხა დაუბრუნდეს გამომგზავნს.

9.4 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეავსებს საფულის ბალანსს ან გადაიხდის რაიმე მომსახურებას საბანკო ბარათის მეშვეობით და შემდეგ ბანკისგან მოითხოვს ამ თანხის დაბრუნებას იმ მიზეზით, რომ თანხა არ ჩაერიცხა საფულეზე ან არ მიიღო შესაბამისი მომსახურება, ხოლო ბანკი აღნიშნულ თანხას დაუბრუნებს მომხმარებელს (რითაც დაზარალდება სისტემის ოპერატორი), მომხმარებელი ვალდებულია, სისტემის ოპერატორის მიერ მიღებული შეტყობინების (თანხის დაბრუნების თაობაზე) შემდეგ, ორი დღის ვადაში შეავსოს თავისი საფულე აღნიშნული თანხით და გადაურიცხოს შესაბამისი თანხა სისტემის ოპერატორს ან/და აცნობოს ამის შესახებ მას და სისტემის ოპერატორი უაქცეპტოდ დაფარავს დავალიანებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროვაიდერი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს და გარდა ძირითადი თანხისა, მოითხოვოს დამატებითი ზიანის ანაზღაურება მომხმარებლისგან.

10 მერჩანტის რეგისტრაციის წესი

10.1 იმისთვის, რომ მერჩანტმა განახორციელოს საკუთარი მომსახურების ან პროდუქციის რეალიზაცია ელექტრონული ფულის სანაცვლოდ, საჭიროა, ელექტრონული ფულის პროვაიდერთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

10.2 აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) საბანკო დღისა ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია დაარეგისტრიროს (გაუხსნას) მერჩანტის ელექტრონული ფულის ანგარიში, სადაც მოხდება მომხმარებლის მიერ გადახდილი ელექტრონული ფულის განთავსება.

10.3 ელექტრონული ფულის პროვაიდერი ვალდებულია, ელექტრონული ფულის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის განმავლობაში, მერჩანტს გადაურიცხოს საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფულის მოცულობის ექვივალენტური ფულადი სახსრები.

11. მერჩანტის უფლებები და მოვალეობები

11.1 მერჩანტის უფლებები:

11.1.1 მერჩანტს უფლება აქვს განახორციელოს თავისი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდება მომხმარებლისთვის ელექტრონული ფულის სანაცვლოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას ელექტრონული ფულის პროვაიდერთან.

11.1.2 მერჩანტს უფლება აქვს ელექტრონული ფულის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში მოსთხოვოს ელექტრონული ფულის პროვაიდერს თავის საბანკო ანგარიშზე ელექტრონული ფულის ექვივალენტური ფულადი სახსრების ჩარიცხვა. 11.1.3 მერჩანტს უფლება აქვს განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებები.

11.2 მერჩანტის ვალდებულებები:

11.2.1 მერჩანტი არა აქვს უფლება, ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ მისთვის რეგისტრირებულ/გახსნილ ელექტრონულ ანგარიშზე განთავსებული ელექტრონული ფულით განახორციელოს გადახდის ოპერაციები.

11.2.2 მერჩანტი ვალდებულია, იქონიოს ელექტრონული საფულე, რომელზეც მას ექნება წვდომა.

11.2.3 მერჩანტი ვალდებულია, ხელშეკრულებაში მითითებული საბანკო ანგარიში იქონიოს აქტიური.

11.2.4 მერჩანტი ვალდებულია, მომხმარებლის ელექტრონული ფულის, ასევე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია არ გადასცეს მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისიწნებული შემთხვევებისა.

11.2.5 მერჩანტი ვალდებულია დაიცვას სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი სისტემის წესები, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ გამოყენება.

11.2.6 მერჩანტი პასუხისმგებელია პროვაიდერის წინაშე თუ მან დაარღვია ან არასათანადოდ შეასრულა ხელშეკრულება, რის გამოც ზიანი მიადგა პროვაიდერს.

11.2.7 მერჩანტი ვალდებულია პროვაიდერს შეატყობინოს რეკვიზიტების (საფოსტო, საბანკო, იურიდიული მისამართი) და მომსახურების ხასიათის შეცვლის შესახებ არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღისა.

11.2.8 მერჩანტი ვალდებულია, პროვაიდერს მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს გადახდის ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, იმ ფორმით, რა ფორმითაც ტექნიკურად შესაძლებელია ამგვარი ინფორმაციის გაცემა.

11.2.9 მერჩანტი ვალდებულია, მის მიერ მომხმარებლისთვის ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიწოდებული საქონელი ან/და პროდუქცია იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მერჩანტს და არა პროვაიდერს.

12. დამატებითი პირობები

12.1 სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები და ცვლილებები განათავსოს საკუთარ ვებ-გვერდზე. ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

12.2 სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნის გზით, რაც თავისთავად გულისხმობს მომხმარებლისთვის მომსახურების შეწყვეტასაც.

12.3 იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორი ცალმხრივად შეწყვეტს ხელშეკრულებას მომხმარებელთან, იგი ვალდებულია მომხმარებლის ელ. საფულეზე არსებული ნაშთი გადარიცხოს იმ საბანკო ანგარიშზე, რომელსაც უთითებს მომხმარებელი, მომხმარებლის განაცხადის მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში. სისტემის ოპერატორის მოთხოვნით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაუქმების განაცხადი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული. თანხების გადარიცხვა მოხდება სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ტარიფებისა და პირობების შესაბამისად.

12.4 მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისთვის გასაგებია ხელშეკრულების ყველა პირობა და იგი სრულად ეთანხმება მას.

12.5 მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ Wallet One-ის ელ. საფულეს გამოიყენებს იმ წესების და პირობების დაცვით, რომლებიც მოცემულია „W1 ლარი“-ს გამოყენების წესებსა და პირობებში ან/და სისტემის ოპერატორის ვებ-გვერდზე.

12.6 სისტემის ოპერატორის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას მოქმედებს თბილისის დრო (UTC + 4).

13. დავის გადაწყვეტის წესი

13.1 დავა, რომელიც წარმოიშობა მომხმარებელსა და ელ.ფულის პროვაიდერს შორის უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. თავდაპირველად მომხმარებელი ვალდებულია, ელ. ფულის პროვაიდერს მიმართოს წერილობით ან ელ-ფოსტის მეშვეობით, სადაც უნდა აღწეროს პრობლემის არსი. ელ. ფულის პროვაიდერი ვალდებულია, წერილის მიღებისთანავე შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს მასზე რეაგირება.

13.2 იმ შემთხვევაში, თუ ელ. ფულის პროვაიდერის მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული ზომები მომხმარებლისთვის არაა საკმარისი, ან არ აკმაყოფილებს მას, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.

13.3 ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ საჩივრის მიღება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება ,,W1 ლარი“-ის წესებსა და პირობებს. სხვა ვალუტასთან დაკავშირებით გამოყენება Wallet One-ის სისტემაში მოქმედი შესაბამისი ვალუტის წესები და პირობები.